ანჩელოტი: “სრულყოფილ სამყაროში აგენტები არ ლაპარაკობენ”
კარლო ანჩელოტი “ბაიერნის” პოლონელი ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ლევანდოვსკი ბავარიაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და თანაგუნდელების ქმედებებით უკმაყოფილოა.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურამდე ყველაზე მეტი გოლი სწორედ ლევანდოვსკის ჰქონდა გატანილი, ობამეიანგი კი მას ერთი გოლით ჩამორჩებოდა. ბოლო ტურში გაბონელმა ორი გოლი გაიტანა, პოლონელმა კი ვერცერთი და პრიზი სწორედ “ბორუსიას” შემტევს დარჩა. ამ ყველაფერს ის, აგენტის თქმით, თავის თანაგუნდელებს აბრალებს და კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
“ლევანდოვსკის ჩემთან მსგავს რამეზე არასდროს უსაუბრია. სეზონის ბოლოს, მასთან მივედი და წარმატებული თამაში მივულოცე, მისი ასპარეზობით უზომოდ კმაყოფილი ვიყავი.
როგორც ყოველთვის, არიან აგენტები, რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ – არ ვიცი, რატომ. პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც ისინი გაზეთებს რაღაც გაურკვეველი მიზეზისთვის იყენებენ. სრულყოფილ სამყაროში კი აგენტები საერთოდ არ ლაპარაკობენ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.