ანჩელოტიმ “მილანის” გამო “ინტერს” უარი უთხრა
“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამდე “ნერაძურის” თავკაცის თანამდებობას სთავაზობდა.
61 წლის იტალიელმა სპეციალისტმა იტალიის ჩემპიონს უარი უთხრა, რადგან არ სურდა “მილანის” წყენინება, სადაც მრავალი წელი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “მილანის” ღირსებას მოთამაშის რანგში 1987-დან 1992 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც შვიდი ტიტული მოიგო. ის “როსონერიში” 2001 წელს უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და 2009 წლამდე იმუშავა. ანჩელოტის მიერ დამოძღვრილმა “მილანმა” რვა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ერთხელ – სკუდეტო, ორჯერ კი – ჩემპიონთა ლიგა.
როგორც მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტიმ პირველ ივნისს “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მადრიდის “რეალთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “სამეფო კლუბს” 2013-დან 2015 წლამდე უკვე წვრთნიდა. მისი თავკაცობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.