ანდრე შურლე, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
საკმაოდ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის ცნობების მიხედვით, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელებს გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურთ და ამ მიზნით ანდრე შურლეს ტრანსფერის გახორციელებას გეგმავენ.
27 წლის ფეხბურთელს აქამდეც არაერთხელ უწინასწარმეტყველებდნენ დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვებას, სადაც ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8-ჯერ მოირგო “ბორუსიას” მაისური ოფიციალურ შეხვედრაში.
შურლეს უკვე აქვს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშის საკმაოდ კარგი გამოცდილება – ეს უკანასკნელი 2013-15 წლებში ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა. “არისტოკრატთა” მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში მან 11 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ჩაწერა შეძლო აქტივში.
დორტმუნდის “ბორუსიას” შურლე 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა “ვოლფსბურგიდან”. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.