ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცმველმა ანდრეა პირლომ ბრიტანული Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
პირლომ, რომელსაც ევროტურნირებზე სულ 130 მატჩი აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა. იტალიელმა ფეხბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასის აწევა “მილანის” მაისურით, 2003 და 2007 წლებში მოახერხა.
მეკარე
ჯანლუიჯი ბუფონი
პირლო: “დიდი ხანია, ბუფონი უმაღლეს დონეზე თამაშობს. მას შეუძლია ისეთი სეივი გააკეთოს, როგორსაც სხვა ვერ შეძლებს. ასევე, ჯიჯიმ იცის, რა უნდა უკარნახოს თავისი გუნდის მცველებს, ამ დროს კი დაცვის ხაზი დამაჯერებელია.”
დაცვა
ფილიპ ლამი
პირლო: “ლამი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც შეცდომას არასოდეს უშვებს. ის “ბაიერნისთვისაც” და გერმანიის ნაკრებისთვისაც საიმედოა.”
პაოლო მალდინი
პირლო: “ძალიან ჭკვიანი მცველი, რომელსაც თამაშის წაკითხვა ყველაზე კარგად შეუძლია. როცა ის შენს გვერდით თამაშობს, მშვიდად ხარ. ვფიქრობ, მალდინი იტალიისა და “მილანის” ნამდვილი ლეგენდაა.”
ფაბიო კანავარო
პირლო: “ფაბიო ნამდვილი ლიდერია. ჩემი აზრით, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.”
კაფუ
პირლო: “კაფუ ერთ-ერთი პირველი მარჯვენა მცველი იყო, რომელიც შეტევაში კარგად ერთვებოდა. შეტევაში კარგი თამაშის გარდა, ის დაცვაშიც საიმედო იყო.”
ნახევარდაცვა
პოლ სქოულზი
პირლო: “შესანიშნავი ნახევარმცველი. ის მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობს, ის მატჩის მიმდინარეობისას ძალიან ბევრს ფიქრობს. შეგიძლიათ, ნახოთ მისი ნებისმიერი პასი, მოძრაობა ან მიღებული გადაწყვეტილება, სქოულზი ძალიან ჭკვიანია.”
ჯენარო გატუზო
პირლო: “რინო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისათვის კოშმარივით იყო. ვარჯიშზეც, ის ისე თამაშობდა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყოფილიყოს. ვფიქრობ, გატუზოს მსგავსი მოთამაშე ყველა გუნდს ჭირდება.”
ჩავი
პირლო: “კიდევ ერთი ჭკვიანი ნახევარმცველი. ის სირბილისთვის ბევრ დროს არ ხარჯავს, თუმცა რამდენიმე მოძრაობით, პასით ან დარტყმით მთელი თამაშის კონტროლი შეუძლია.”
თავდასხმა
კაკა
პირლო: “მახსოვს, როგორ გვეწყინა, როცა კაკამ “მილანი” დატოვა. ორი-სამი წლის განმავლობაში, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.”
ლიონელ მესი
პირლო: “მან უკვე ძალიან ბევრს მიაღწია, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს. ზედმეტ საუბარს არ ვაპირებ, ყველამ იცის, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”
ფილიპო ინძაგი
პირლო: “თამაშის მიმდინარეობისას, უმეტესად ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. პიპომ იცოდა, სად გავუკეთებდი მას პასს, ხოლო მე ვიცოდი, სად იქნებოდა ის. მთავარი იყო, მისთვის შანსი მიგეცა, ის კი ამ შანსს იყენებდა.”