ანდრეი შევჩენკო მწვრთნელობას აპირებს
უკრაინის ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო უახლოეს პერიოდში სამწვრთნელი კურსის დახურვას აპირებს, რის შემდეგაც ახალი სპეციალობით მუშაობის უფლება მიეცემა. შევჩენკო სწორედ მწვრთნელობას აპირებს.
“ვფიქრობ, რომ ჩემი გზა მწვრთნელობაა. მინდა, კურსი დავხურო. კიევის “დინამოსთან” კავშირი მაქვს, ხშირად ვეკონტაქტები მწვრთნელსა და ფეხბურთელებს. ინფორმაციას ვფლობ. ასე რომ, ვნახოთ, როდის ვიქნები მზად ამ საქმისთვის და რამდენად მომეცემა მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა”, – განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ანდრეი შევჩენკო უკრაინაში არსებულ დაძაბულ ვითარებასაც შეეხო.
“დედაჩემი ყოველდღიურად უყურებს ახალ ამბებს. ჩემი ოჯახის გარკვეული ნაწილი კიევში ცხოვრობს, სადაც დონეცკთან შედარებით ნაკლებად მძიმე ვითარებაა, თუმცა ხალხი აქაც მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში იმყოფება. ბევრმა დაკარგა შვილი, კოლეგა თუ მეგობარი. მიყვარს ჩემი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება”, – აღნიშნა შევჩენკომ.