ანრი: “გვარდიოლა ყავის მიმტანთანაც კი მომთხოვნია”
ლონდონის “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტად მუშაობს, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. ფრანგი გვარდიოლას მომთხოვნ სპეციალისტად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ კატალონიელი სპეციალისტი ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნს” დატოვებს და “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.
“გვარდიოლა არამხოლოდ ფეხბურთელებთან, არამედ მასთან მომუშავე ნებისმიერ ადამიანთან მომთხოვნია, თვით ყავის მიმტანთანაც კი. ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. ეს ყველაფერი ძალისხმევასა და სამუშაო ეთიკას მოითხოვს.
პეპ გვარდიოლას ცვლილებების არ ეშინია. თუ იგი ხედავს, რომ ფეხბურთელი მის სქემას ვერ ერგება, ამას პირდაპირ ეუბნება. იგი მხოლოდ გამარჯვებისთვისა და წარმატებებისთვის იღწვის”, – ციტირებს ანრის სიტყვებს EPSN.