ანრი ჭიჭინაძე: “იმედი მაქვს, რომ სანახაობრივი მატჩი გამოვა და გავიმარჯვებთ”
ხვალ, ზესტაფონში საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდებიან.
ფინალამდე ერთი დღით ადრე, “ტორპედოს” ცენტრალურმა მცველმა, ანრი ჭიჭინაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“დავით ყიფიანის თასზე ყველაზე რთული მეტოქე, რა თქმა უნდა, თბილისის “დინამო” იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ლიგის კლუბების ბარიერის გადალახვაც არ იყო ადვილი, რადგან მათ მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ჩემი აზრით, მეტოქეები ღირსეულად დავამარცხეთ.
რაც შეეხება “მერანს”, ამ გუნდმა თავისი ძალა უკვე დაგვანახა. “მერანმა” თასის გათამაშებას უმაღლესი ლიგის გუნდები გამოთიშა, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს. ფინალის პროგნოზირება რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სანახაობრივი მატჩი გამოვა და გავიმარჯვებთ”, – გვითხრა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.