ანტონიო კასანომ თავისი კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
“რომას”, “მილანის”, “რეალის”, “ინტერისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ La Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში თავისი კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
“ჩემი კარიერის სიმბოლურ ნაკრებზე არაერთი წელია ვფიქრობ. წყობა მნიშვნელოვანია, ამიტომ 4-2-2-2-ს ავირჩევ.
კარში ჯიჯი ბუფონს ჩავაყენებ, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. მასთან ყველაზე ახლოს მხოლოდ ნოიერი თუ მივა.”
“მარჯვენა მცველად კაფუს დავაყენებ, მას წინ და უკან სირბილი შეეძლო, არასოდეს ჩერდებოდა. ცენტრალური მცველები ალესანდრო ნესტა და სერხიო რამოსი იქნებიან, მათ ვერავინ მოატყუებს. სანდრო ძალიან კარგი მცველია. მალდინის ავირჩევდი, თუმცა მასთან ერთად არ მითამაშია, სამაგიეროდ, როცა მის მეტოქე გუნდში ვიყავი, ის ჩემი კოშმარი იყო. მარცხნივ – რობერტო კარლოსი: დამანგრეველი.”
“ნახევარდაცვის ხაზი შეტევაზე იქნება ორიენტირებული. შუაში პირლო და გუტი, ანდრეა გენიოსია, გუტიმ კი თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, მას მეტი შეეძლო. დამიჯერეთ, მას კარგად ვიცნობ და მართლაც მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო, ისეთი ნიჭიერი იყო, რომ ორი ოქროს ბურთი უნდა მოეგო.
მათ წინ ორ საფეხბურთო მონსტრს – ზიდანსა და ტოტის დავაყენებ. წარმოიდგინეთ, თავდამსხმელებს როგორი პასებით მოამარაგებნდნენ.”
“თავდამსხმელები? ჩემი და “ფენომენოს” დუეტი, რა თქმა უნდა. რონალდო მე მგავდა, ვარჯიში არ უყვარდა, თუმცა თავის სიძლიერეს მატჩის დროს მაინც ამტკიცებდა.”
“იქნება თუ არა კაპელო მწვრთნელი? მარტივად გიპასუხებთ – არა. ბევრი მწვრთნელი მყავდა, მაგრამ ჩეზარე პრანდელის ავირჩევდი. ტაქტიკაში ის ნამდვილი მონსტრი იყო.”