ანტონიო კონტე: “ამ მარცხის გამო დიდი სინანულის გრძნობა არ მაქვს”
უეფას ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრაში მილანის “ინტერი” “სევილიასთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა. იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მარცხის მიუხედავად, წაგების გამო დიდად არ წუხს.
“რთული და დაბალანსებული თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში განვითარებულ ერთ მომენტს შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა შემდეგ ლუკაკუს ავტოგოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა.
ამ მარცხის გამო დიდი სინანულის გრძნობა არ მაქვს. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ასეთი ტიპის თამაშს უჩვენებს. ვფიქრობ, მეტოქის გამოცდილებამ იქონია გავლენა საბოლოო შედეგზე.
ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ბევრი იმუშავეს და ბევრ კომპონენტში დაიხვეწნენ. ისინი ფინალში გავიდნენ. ამ სეზონში ბევრმა ახალგაზრდა მოთამაშემ მიიღო დიდი გამოცდილება. მათ ამ გზაზე თავდაჯერებულად შეუძლიათ სიარული”, – კონტეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.