ანტონიო კონტე “მანჩესტერ იუნაიტედს” ულტიმატუმს უყენებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერებიან ოლე გუნარ სულშერის შესაძლო შემცვლელებზე. ამ დროისთვის გამოკვეთილია ორი კანდიდატურა – ანტონიო კონტე და ზინედინ ზიდანი.
ზინედინ ზიდანი ამ დროისთვის სამწვრთნელო კარიერის განახლებას არ გეგმავს და მხოლოდ ორ შემთხვევაში გეგმავს დიდ ფეხბურთში დაბრუნებას – თუ შემოთავაზებას “პარი სენ-ჟერმენისგან” ან საფრანგეთის ნაკრებისგან მიიღებს.
შესაბამისად, ერთადერთ რეალურ კანდიდატად ანტონიო კონტე რჩება, რომელმაც გასულ წელს მილანის “ინტერი” გააჩემპიონა. იტალიელი სპეციალისტი მზადაა საკუთარი შესაძლებლობები “ოლდ ტრაფორდზე” გამოცადოს, თუმცა ერთი პირობით.
მთავარი, რასაც ანტონიო კონტე “მანჩესტერ იუნაიტედისგან” ითხოვს, გრძელვადიანი პროექტია. კონტეს კლუბისგან სამწლიან ხელშეკრულებას ითხოვს, რათა თავისი გეგმების სრულად განხორციელება შეძლოს. ამ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ადასტურებს.