ანტონიო კონტემ “მიდლსბროს” ფანებს მატჩის დასრულების შემდეგ ტაში დაუკრა (ვიდეო)
8 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “მიდლსბრო” მიიღო და მეტოქე ანგარიშთ 3:0 დაამარცხა. ამ მარცხით, სტუმრები ჩემპიონშიპის გზას გაუდგნენ, თუმცა გულშემატკივრები ფეხბურთელებს მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგაც ტაშს უკრავდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “მიდლსბროს” ფეხბურთელებს ხელი ჩამოართვა, მათ გულშემატკივრებს ტაში დაუკრა და მოედანი ისე დატოვა.
იტალიელმა სპეციალისტმა მეტოქე გუნდის ფანებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
“მიდლსბრო” პრემიერ ლიგას ემშვიდობება, ამ დროს კი მათი ფანების მოქმედება ძალიან დასაფასებელია. ისინი ფეხბურთელებს ტაშს უკრავდნენ, მოთამაშეები კი მოედანზე დარჩნენ და მათ მადლობა გადაუხადეს. ვფიქრობ, მსგავსი რამ მხოლოდ ინგლისში ხდება. არ მახსოვს, ასეთი რამ იტალიაში მომხდარიყოს. ამიტომაც, “მიდლსბროს” ფანებსა და ფეხბურთელებს მომდევნო სეზონში წარმატება გულით ვუსურვე”, – განაცხადა კონტემ.
იხილეთ ვიდეო