აფრიკის თასის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია (ვიდეო)
ბურკინა ფასოსა და ეგვიპტის ნაკრებთა შორის 2017 წლის აფრიკის ერთა თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.
ბურკინა ფასოს გუნდმა თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა და პირველ ნორმად ითამაშა, ეგვიპტელებმა კი სწრაფი გარემარბების ხარჯზე აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთეს. დიდი ზეწოლის მიუხედავად, ეგვიპტელებმა მატჩის პირველ ნახევარში კარი მშრალად შეინახეს და მეორე ტაიმში დაწინაურდნენ კიდეც. შეხვედრის 66-ე წუთზე ეგვიპტის ნაკრები გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა ლამაზი დარტყმით დააწინაურა. ბურკინა ფასომ ამის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა წნეხი და 73-ე წუთზე არისტიდ ბანსემ წონასწორობა აღადგინა — 1:1.
ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა, თუმცა არც ამ 30 წუთში გამოვლინდა გამარჯვებული, რის შემდეგაც საქმე თერთმეტმეტრიანის სერიამდე მივიდა. ეგვიპტელებმა პენალტები უკეთ შეასრულეს, გადამწყვეტ დარტყმებში მეტოქე 4:3 დაჯაბნეს და ტურნირის ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს.
აფრიკის ერთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში ექტორ რაულ კუპერის გუნდის მეტოქის ვინაობა დღეს, მეორე ნახევარფინალურ მატჩში გაირკვევა, რომელშიც ერთმანეთს კამერუნისა და განის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
აფრიკის ერთა თასი
ნახევარფინალი
ბურკინა ფასო — ეგვიპტე 1:1 (პენ. 3:4)
გოლები: ბანსე 73′ — მოჰამედ სალაჰი 66′.