არა მარტო “ბარსელონა” – ვინ ინტერესდება ჩაკვეტაძეთი?
ქართული ფეხბურთის იმედს, გიორგი ჩაკვეტაძეს, შესაძლოა უახლოეს მომავალში კარიერის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს. ახალგაზრდა ტალანტის გადაბირებით არც მეტი არც ნაკლები კატალონიური “ბარსელონაა” დაინტერესებული, თუმცა ეს ყველაფერი როდია.
ესპანურმა ავტორიტეტულმა გამოცემა Marca-მ ანდორასა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ (სადაც ჩაკვეტაძემ გოლის გატანა შეძლო) დეტალურად გამოიძია “გენტის” ერთ-ერთი ლიდერის გარშემო არსებული ვითარება.
ყველაფერი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატით დაიწყო, სადაც ამ უკანასკნელმა ყველას გაუქარწყლა ყოველგვარი ეჭვი მის ნიჭთან დაკავშირებით. უმალვე, მისით მიუნხენის “ბაიერნი” დაინტერესდა. “ბავარიელებს” 6 მილიონი ევროს ჩეკი უკვე გამოწერილი ჰქონდათ, თუმცაღა იმ დროისთვის თბილისელ ფეხბურთელს “გენტთან” ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა.
“გენტის” სასტარტოში დამკვიდრება გიორგის ნამდვილად არ გაჭირვებია და ამ დროისთვის მის ანგარიშზე ბელგიურ კლუბში ჩატარებული 29 მატჩია – ოთხი გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით დამშვენებული.
“ბაიერნისა” და “ბარსელონას” გარდა, ქართველი ტალანტის გადაბირებით ლონდონის “ტოტენჰემი” და “ბორნმუთია” დაინტერესებული ინგლისიდან, დონეცკის “შახტარი” – უკრაინიდან, ხოლო დორტმუნდის “ბორუსია” – გერმანიიდან.
აქვე გთავაზობთ გიორგი ჩაკვეტაძეს “მარკასეულ” დახასიათებას – “გიორგი ჩაკვეტაძე არ გახლავთ ტიპური ნახევარმცველი კარგი ტექნიკითა და მოედნის ხედვით. 1,83 მეტრი სიმაღლის გიორგი ფიზიკური ბრძოლების მოყვარული შემტევია. ის ხშირად იყენებს საკუთარ სიმაღლესა და ძალას თავისივე უპირატესობისთვის ბურთისთვის ბრძოლაში და უმალვე გადადის შეტევაში.
მისი მოძრაობები ფანტასტიკურია, დროის უმცირეს პერიოდში შეუძლია შემობრუნება და მაღალი სიჩქარის განვითარება, რაც მის შეჩერებას წარმოუდგენლად რთულს ხდის. მიმდინარე სეზონში მან მეტოქის საჯარიმოში თამაში ახალ დონეზე აიყვანა და ამის ხარჯზე რამდენიმე ჭკვიანური საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მართალია, მისი რჩეული პოზიცია “ათიანია”, მაგრამ არანაკლებ პროდუქტიულია მარცხენა გარემარბის როლშიც. ფაქტი, რომ ის მხოლოდ 19 წლისაა მას უდიდეს პერსპექტივას უქმნის, მიუხედავად მისი მინუსებისა – ზედმეტად დიდხანს იჩერებს ბურთს და ზედმეტადაა დამოკიდებული მარჯვენა ფეხზე.”