არაბიძე: “ორი გატანილი გოლით ძალა და მწვრთნელის ნდობა მოვიპოვე”
6 აგვისტოს, უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში ერთმანეთს დონეცკის “შახტარის” და “ოლექსანდრიას” ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა “შახტარის” გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.
როგორც იცით, “ოლექსანდრიასთან” მატჩში ქართველმა გიორგი არაბიძემ დუბლის შესრულება მოახერხა. 18 წლის შემტევმა მესამე ტურის დასრულების შემდეგ “შახტარის” პრესსამსახურთან ისაუბრა.
“ძალიან კარგი მატჩი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერატურა იყო, კარგი შედეგის ჩვენება მაინც მოვახერხეთ. პირველ ტაიმში მწვრთნელის დავალების მიხედვით, მეტოქეზე ზეწოლა მოვახდინეთ და ორი სწრაფი გოლიც გავიტანეთ. რა თქმა უნდა, საწყისი წუთებიდან ორბურთიანი უპირატესობით თამაში მარტივია. ბედნიერი ვარ, რომ “ოლექსანდრიას” კარში ორი გოლი გავიტანე – ამით ძალა და მწვრთნელის ნდობა მოვიპოვე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. მორიგი 3 ქულა და ჩემპიონატში წინ მივიწევთ,” – განაცხადა არაბიძემ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, 3 ტურის მერე “შახტარი” 9 ქულით პირველ ადგილზეა. ქართველ შემტევი კი ბომბარდირთა დავას 4 გატანილი გოლით ლიდერობს.