არენამ და კაკტუსმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს
„ა“ ლიგა მეორე წრის პირველი ტურით განახლდა. საკალათბურთო აკადემიაში 2 მატჩი გაიმართა, ხოლო ტურის მე-3 შეხვედრას მომავალ პარასკევს წყალტუბო უმასპინძლებს. რაც შეეხება ჩატარებულ 2 მატჩს, ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. „კაკტუსმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლია, ხოლო „არენა-76“-მა გორის „დილა“ დაამარცხა.
უფრო საინტერესო და დაძაბული მეორე მატჩი გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „დილა“ ბოლო ადგილზეა, არც ერთ მეტოქეს იოლად არაფერს უთმობს. გორის გუნდს ყველა მატჩი ბრძოლაში აქვს წაგებული და ასე იყო გათამაშების ლიდერ „არენასთანაც“. „დილა“ თითქმის მთელი თამაში იგებდა, გორელების უპირატესობა პერიოდულად 10 ქულასაც აღწევდა, თუმცა გადამწყვეტ მომეტნტში შიდაქართლელებს არ გაუმართლათ.
„არენამ“ საბოლოოდ 6 ქულით – 89:83 მოიგო, რაშიც ლომის წილი ამერიკელ ლეგიონერ ჯერემი ბაინამს მიუძღვის. ოკეანგაღმელმა ბომბარდირმა 27 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლები მიითვალეს ალექსანდრ კოსენკოვმა (22 ქულა, 14 მოხსნა) და ზუკა მაჩალაძემ. ამ უკანასკნელს სამმაგ დუბლამდე 2 ჩაჭრა დააკლდა – 17 ქულა, 10 მოსნა, 8 ჩაჭრა. გორის „დილაში“ 27 ქულით საუკეთესო ზვიად ბაბიაშვილი გახლდათ.
მეორე მატჩში „კაკტუსმა“ თსუ-ს 75:66 სძლია. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა თამაში უხეიროდ დაიწყეს და პირველი მეოთხედი 14:17 დათმეს, თუმცა მეორე პერიოდში გარდატეხა მოახდინეს და 10-წუთეულის 23:7 მოგებით დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 37:24.
მეორე ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა. თსუ ეცადა, მაგრამ კაკტუსელების გააზრებული თამაშის წყალობით ვითარება არ დაძაბულა. „კაკტუსს“ ტრადიციულად კამერუნული ფესვების მქონე ამერიკელმა სამა ტაკუმ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა და 11 მოხსნა რომან ტუკვაძის ანგარიშზე, კირილე ტატუნაშვილმა კი შეხვედრა 11 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. თსუ-ში 21 ქულით საუკეთესო მიხეილ ფანჩულიძე გახლდათ.
მე-6 ტური მომავალ პარასკევს წყალტუბოში დასრულდება. იმერული კლუბი „სეუ-ჰიუნდაის“ უმასპინძლებს.