არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ დაიღუპა (ვიდეო)
14 მაისს, არგენტინაში “სან მარტინ დე ბურზაკოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაიცვალა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ არგენტინის რანგით მეხუთე დივიზიონში, “სან მარტინ დე ბურზაკო” “იუვენტუდ იუნიდას” დაუპირისპირდა. მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ორთაბრძოლის მომენტში 21 წლის ემანუელ ორტეგა მოედნის საზღვრებს გაცდა და თავი კედელს მიარტყა. ორტეგა მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორი კვირის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 14 მაისის დილას კი ცნობილი გახდა, რომ ის დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ორტეგას 2012 წელს, სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი აქვს გამოქვეყნებული, სადაც ის ფეხბურთზე საუბრობს.
“შესაძლოა, პროფესიონალური ფეხბურთი ვერასოდეს ვითამაშო. შესაძლოა, მოყვარულის დონეზე ვითამაშო. როცა ჩემი ფეხები მეტყვიან “გაჩერდი”, ჩემი გული მეტყვის “გააგრძელე”.
ჩემსა და პროფესიონალებს შორის ის განსხვავებაა, რომ როცა ჩემი ბუცები გაიხევა, მათ არ ვცვლი, არამედ მთელი ღამის განმავლობაში ვაწესრიგებ, შემდეგ კი ისევ მათთან ერთად ვთამაშობ.
ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ეს ისაა, რაც ყველაფერს მავიწყებს, ამიტომ მას მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნი.
იმ დღეს, როცა მე ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებ, მკვდარი ვიქნები”, – ვკითხულობთ ორტეგას განცხადებაში.