არმია 48 – 17 ლოკომოტივი
რომ ვთქვა სტადიონზე სასწაულის სანახავად წავედითქო – ტყული გამომივა. ბრძოლის სანახავად წავედი, მაგრამ ვერც ეს ვნახე. დღევანდელი “ლოკომოტივი” დღევანდელ “არმიას” გადამწყვეტ მატჩს რომ ვერ მოუგებდა რამდენიმე გარემოება ცხადყოფდა. ფიზკური და ტექნიკური მომზადება, თამაშის მრავალფეროვნება და ხარისხი, მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობა, სათადარიგოთა სკამი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი წვრილმანი არმიელებს ბევრად უკეთსი აქვთ ვიდრე ჩემპიონატის სხვა გუნდებს (“ლელოს” თუ არ ჩავთვლით), ამიტომ “ლოკომოტივს” ისღა დარჩენოდა ძალების სრული მობილიზაცია მოეხდინა და რაიმე სიურპრიზი შეეთავაზებინა ისედაც გაბრაზებული მეტოქისთვის (“არმია” ფინალში პირდაპირი წესით, სწორედ ზემოთნახსნები “ლელოს” გამო ვერ მოხვდა) , მაგრამ “პროწივ ლომა ნეტ პრიომაო” ხომ გაგიგონიათ!..
ნიკო ჭავჭავაძის გუნდს საინტერესო ტაქტიკა აქვს არჩეული – სწრაფი ლელო. სანამ ბიჭები სრულ ჯანზე არიან, სანამ დაღლა შეეპარებათ და წუნი იმატებს, რაიმე ლამაზ და შემოქმედებით კომბინაციას ათამაშებენ, რომელიც გარდა იმისა, რომ კარგი სანახავია, შედეგიც მოაქვს. ასე იყო წინა მატჩშიც, უბრალოდ მაშინ “ლელო” ცივმა შხაპმა ვერ გატეხა, “ლოკომოტივმა” კი მეორე წუთზევე რომგაუშვა, მე-15 წუთისთვის უკვე 0:19-ს აგებდა. აი, მაშინ გახდა ცხადი, რომ ბრძოლაც აღარ შედგებოდა.
“არმია”ყველაფერში უკეთესი იყო. შეტევაც მძლავი იყო და დაცვაც აგრესიული. დებიუტიდან რომ დაიწყეს, ენდშილამდე ქულების დაგროვება არ შეუჩერებიათ.
რკინიგზელებმა კი ბლომად ბოჭვა “გამაზეს”, უამრავი ტექნიკური შეცდომა დაუშვეს და ის ორი ლელოც მაშინ გაიტანეს, როცა მეტოქემ “ამის საშუალება მისცა”.
ეს თამაში, როგორც იქნა, საკადრის სიმაღლეზე ჩაატარა არმიელთა გარემარბმა გოშა შკინინმა: სულ აქტიურობდა, წინა პლანზე იყო და შედეგიც კარგი ჰქონდა – ლელო + პასი. იმედია, ბოლობოლო, შეეშვება ტრავმებს და ნაკრებსაც დაუბრუნდება, თბილისის თასზე მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
გოშა კარგად იყოს და მთავარ თემას დავუბრუნდეთ… თუმცა, დასაბრუნებელიც არაფერია. იმ სამ ლელოს, დებიუტში რომ გაიტანეს, არმიელებმა კიდევ ოთხი დაუმატეს და ჩემს გარშემო მჯდომმა “ლოკომოტივის” გულშემატკივრებმა სტადიონის დატოვება დაიწყეს. “სირცხვილია, სირცხვილია…” მესმოდა სხვადასხვა მხრიდან.
სირცხვილი ნამდვილად არ არის – ყველა გუნდი აგებს და უფრო დიდი ანგარიშითაც. დასანანი კი ნამდვილად არის. უკეთესი იქნებოდა, რომ პლეიოფის ამ ეტაპამდე მოსულ გუნდებს შორის კლასში ამხელა განსხვავება არ იყოს და საქართველოს ჩემპიონატს არა ორი გამოკვეთილი ლიდერი, არამედ რამდენიმე ძლიერი კლუბი ჰყავდეს. სტადიონიდან სახლში რომ დავბრუნდი საფარანგეთის “ტოპ 14-ის” ამავე ეტაპის მატჩს ვუყურე და ზუსტად ის ვნახე რაც წინა წინადადებაში ვისურვე. რეგულარულის მეორეადგილოსან “მონპელიეს” მეექვსე ადგილზე გასულმა “კასტრმა” ხელი არ გაანძრევინა, შავი დღე აყარა და გათამაშებას საკუთარ მოედანზევე გამოთიშა.
“ტოპ 14-ს” არ ვადარებ, მაგრამ ოცნების უფლება ხომ მაინც მაქვს!
მოკლედ, ფინლაში ის ორი გუნდი გავიდა ვინც უნდა გასულიყო კიდეც. ვინც ბოლო დროს შიდა ასპარეზზე ამინდს ქმნის და ვინც ყველაზე თანამედროვე რაგბის თამაშობს ჩვენ ქვეყანაში. შაბათს ერთი წლის წინანდელი მატჩი განმეორდება. მაშინ სიმპათიები “არმიისკენ” იხრებოდა და “ლელომ” მოიგო. წელს… ალბათ წელსაც ასეა. არმია, თითქოს, უფრო სოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს მხოლოდ “თითქოს”, არც “ლელო” მოიკოჭლებს საჩემპიონო თამაშში. რას გაიგებ, ფინალი ისეთი ოხერი რამაა, წინა საღამოს ვინ რა ფილმს უყურა, იმასაც კი მნიშვნელობა აქვს.
ასე, რომ მე საშაბათოდ ვემზადები და რაღაცა კარგის მოლოდინში ვარ.
ნიკა ჩალათაშვილი