არსენ ვენგერი: „შაბათს ავარია მოგვივიდა“
ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „ჩელსისთან“ გამართული მატჩის შედეგი „მეთოფეთა“ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. შეგახსენებთ, რომ ლონდონური დერბი ჟოზე მოურინიოს გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა.
„ამ მატჩამდე მიუნხენის „ბაიერნთან“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ კარგი შედეგები ვაჩვენეთ, დაცვაშიც დიდებულად ვითამაშეთ. „ჩელსისთან“ შეხვედრა ავარიის ტოლფასია. რას აკეთებენ ასეთ დროს? დაზიანებულ ნაწილებს ასწორებენ და მოძრაობას განაგრძობენ.
ავარია მოგვივიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მძღოლი ცუდია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში დაახლოებით 40 მატჩი ჩავატარეთ, შაბათის მატჩის შედეგი კი ჩვენს რეალურ მდგომარეობას არ ასახავს“, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს ბრიტანული პრესა.
ბექა დოგრაშვილი