„არსენალი“ დაეცა, ვენგერი წაიქცა
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მართალია, მატჩამდე Fanebi.com-ის მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას მერსიაიდულ გუნდს ანიჭებდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკვე მე-20 წუთისთვის ტაბლოზე 4-0 ენთებოდა. დიახ, საწყის 20 წუთში ოთხჯერ შეარხიეს „წითლებმა“ „მეთოფეთა“ კარი: ორჯერ მარტნ შკრტელმა, ერთხელ რაჰიმ სტერლინგმა და ერთხელ დანიელ სტარიჯმა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტერლინგმა დუბლი გაიფორმა. პრესტიჟის გოლის გატანა მიკელ არტეტამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოახერხა.
ამ დღეს არსენ ვენგერს მხოლოდ ეს არ ელოდა. რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ ფრანგ სპეციალისტს ფეხი დაუცდა, ძირს დაეცა და თავი მინის კარს დაარტყა. თვითმხილველებმა მოასწრეს და წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ 64 წლის მწვრთნელს ფოტოები გადაუღეს. ვენგერი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრების დახმარებით წამოდგა ფეხზე. მოგვიანებით კლუბის პრესსასახურმა გაავრცელა ცნობა, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი ინციდენტს საღსალამათი გადაურჩა.
ვენგერის „არსენალმა“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და სიმბოლურად ამის ყველაზე კარგი გამოხატულება სწორედ ფრანგი სპეციალისტის წაქცევაა. ცხრილს ლონდონის „ჩელსი“ ჩაუდგა სათავეში (56 ქ.), „მეთოფეებმა“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს, მესამე კი „მანჩესტერ სიტია“ (54 ქ.), რომელიც „ნორვიჩ სიტისთან“ უგოლოდ დაზავდა.
ბექა დოგრაშვილი