“არსენალი”: 15 მილიონი ბას სანაცვლოდ
“მეთოფეები” სენეგალის ეროვნული ნაკრების მოთამაშის გადაბირებას გეგმავენ.
“არსენალის” ხელმძღვანელობა თავდამსხმელზე ნადირობას აგრძელებს. ადრე მედია ამ კლუბს კარიმ ბენზემასა და რობერტ ლევანდოვსკის უკავშირებდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ არსენ ვენგერის გუნდი წინააღმდეგი არაა, დემბა ბა შეიძინოს.
არსებული ინფორმაციით, “არსენალი” მზადაა, “ჩელსის” ბას სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს ესპანური “ვალენსიას” სკაუტებიც აკვირდებიან. თუმცა, “ღამურები” მისთვის მხოლოდ რვა მილიონი ევროს გამეტებას აპირებენ.
შეგახსენებთ, ბა “არისტოკრატთა” რიგებს მიმდინარე წლის იანვარში, “ნიუკასლიდან” შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში, “ლურჯების” მაისურით მან 27 მატჩი ჩაატარა და ექვსი ბურთი გაიტანა. სენეგალის ნაკრებში, სადაც იგი 2007 წლიდან თამაშობს, 17 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი ოთხჯერ დალაშქრა.
სანდრო საპანაძე