„არსენალი“ vs „ლივერპული“ – ველით გაძევებას
ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი „ემირეითს სთეიდიუმზე“ შედგება, სადაც გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის „არსენალი“ მესამეადგილოსან „ლივერპულს“ მიიღებს. მატჩი დღეს, ჩვენი დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი მარტინ ატკინსონი განსჯის. საინტერესოა, სტატისტიკა რომელ გუნდს ანიჭებს უპირატესობას.
– ინგლისის ჩემპიონატში „არსენალსა“ და „ლივერპულს“ შორის 178 მატჩია გამართული, აქედან ლონდონელებმა 62 შეხვედრა მოიგეს, მერსისაიდელებმა – 69, ფრედ დასრულდა 47 მატჩი;
– „ლივერპულს“ „მეთოფეებთან“ ჩემპიონატის ბოლო სამი გასვლითი მატჩი არ წაუგია. მერსისაიდელები ჩრდილოლონდონურ გუნდთან სტუმრად უკანასკნელად 2010 წლის თებერვალში დამარცხდნენ. მაშინ ერთადერთი გოლი აბუ დიაბიმ გაიტანა;
– მსაჯ მარტინ ატკინსონს ორჯერ აქვს ამ გუნდთა დაპირისპირება განსჯილი. 2010 წლის აგვისტოში მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, 2011 წლის აგვისტოში კი – მერსისაიდელებმა ანგარიშით 2:0 დაამარცხეს მეტოქე. ამ ორ მატჩში ატკინსონმა სამი ფეხბურთელი გააძევა: ფრიმპონგი, კოსელნი და ჯო კოული;
– ვოიცეხ შჩესნი „არსენალს“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა;
– „ლივერპული“ პრემიერლიგის ეგიდით ლონდონში გამართულ ბოლო ოთხ მატჩში მინიმუმ ორ გოლს იტანს;
– სიმონ მინიოლეს ინგლისის ჩემპიონატში თავისი მე-100 მატჩის ჩატარების შესაძლებლობა აქვს. 90 შეხვედრა „სანდერლენდის“ რიგებში ჩაატარა, 9 კი – „ლივერპულს“ შემადგენლობაში. 99-დან 33 მატჩში კარი მშრალად შეინახა;
– მინიოლე შესაძლოა გახდეს მეოთხე ბელგიელი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგაში 100 მატჩი ექნება ჩატარებული (ამ დრომდე ამ ნიშნულს მიაღწიეს ვენსან კომპანიმ (157), მარუან ფელაინიმ (145) და მუსა დემბელემ (101).
ჩვენს პორტალზე არსებული გამოკითხვის შედეგებით, „არსენალის“ გამარჯვება უფრო მოსალოდნელია.
ბექა დოგრაშვილი