“არსენალმა” ბენზემას ალტერნატიული ვარიანტი მოძებნა
როგორც ჩანს, “მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი ვარსკვლავური ფეხბურთელის შეძენისგან თავს იკავებს და აქცენტს პერსპექტიულ მოთამაშეებზე აკეთებს.
Daily Express-ის ინფორმაციით, “ბაზელისა” და შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბრელ ემბოლო, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად ითვლება, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობის ინტერესთა სფეროში მოექცა.
წყაროს თანახმად, ინგლისელები მზად არიან, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ემბოლოს სანაცვლოდ ათი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. ფრანგ სპეციალისტს 18 წლის შვეიცარელის შეძენა სწრაფად სურს, არამარტო შეტევის ხაზში არსებული დეფიციტის გამო, არამედ ამ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შესაძლო გაზრდის გამო.
ემბოლომ “ბაზელის” შემადგენლობაში უკვე 59 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა. მიმდინარე წელს შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა. მომავალ ზაფხულს, დიდი შანსია, მან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღოს.