“არსენალმა” “გიმარაეშთან” ქამ-ბექი შეასრულა, პეპემ გაიბრწყინა (ვიდეო)
24 ოქტომბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა ლონდონის “არსენალსა” და პორტუგალიურ “გიმარაეშს” შორის. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული სცენარით წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა (3-2).
ყველაფერი ედვარდსის მიერ მატჩის მე-9 წუთზე გატანილი გოლით დაიწყო, რამაც სტუმებს თვითრწმენა შესძინა. 32-ე წუთზე მარტინელიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა დუარტეს თავისი გუნდის წინ გასაყვანად მხოლოდ ხუთი წუთი დასჭირდა. პირველი ტაიმი მასპინძელთა მარცხით, 1-2 დასრულდა.
მეორე ტაიმში ვითარება არ იცვლებოდა მანამ, სანამ შეხვედრის 75-ე წუთზე მატჩის გმირი პეპე არ შემოვიდა. “მეთოფეთა” ახალწვეულმა მე-80 წუთზე ბრწყინვალე ჯარიმა შეაგდო მეტოქის კარში. გამარჯვების გოლი კი ამ უკანასკნელმა თამაშის მესამე დამატებულ წუთზე, კვლავაც ჯარიმიდან გაიტანა.
ასე რომ, სამი ტურის შემდეგ “არსენალი” დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილსაც ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 6 ქულით “აინტრახტია”. “სტანდარდს” სამი ქულა აქვს, ხოლო “გიმარაეშს” – 0.