“არსენალმა” “ნიუკასლი” დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩში ლონდონის “არსენალმა” საკუთად კედლებში “ნიუკასლი” მიიღო. უნაი ემერის ბიჭებმა მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით შეასრულეს და საკმაოდ დამაჯერებლადაც იმარჯვეს.
შეხვედრა “მეთოფეთა” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე აარონ რემზის გოლით გაიხსნა, რის შემდეგაც მასპინძლები ბურთის კონტროლზე აკეთებდნენ აქცენტს.
როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში ლონდონელები მეტოქეს ბურთს უმალავდნენ და თავიანთი ძლიერი მხარეების გამოყენების შანსს არ აძლევდნენ. თამაშის მიწურულს კი ალექსანდერ ლაკაზეტმა შეძლო პიერ-ემერიკ ობამეიანგის საგოლე გადაცემის დაფასება და გოლად რეალიზება – 2:0.
ასე რომ, “არსენალმა” პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” გადაასწრო და ამჟამად მესამე პოზიციას იკავებს.