“არსენალს” ვენგერის მემკვიდრედ ვიეირა სურს
არსენ ვენგერს ლონდონის “არსენალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის ორი წლის ვადით გახანგრძლივებას აპირებს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვენგერის თანაშემწედ შესაძლოა, “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა მოიყვანონ, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის. ბრიტანული გამოცემა “მირორის” თანახმად, 39 წლის ფრანგი ჯერ ვენგერის თანაშემწედ იმუშავებს, შემდეგ კი კლუბის მთავარი მწვრთნელიც გახდება.
ვიეირას სამწვრთნელო კარიერის შესახებ თავად ვენგერმაც გააკეთა კომენტარი.
“მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მწვრთნელი გახდეს. ვიეირა ახლა იმ ასაკშია, რა დროსაც კარგია მწვრთნელობის დაწყება. ყველაფერი თავად პატრიკზეა დამოკიდებული. გააჩნია, თავად მას რა სურს”, – აღნიშნა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიკ ვიეირა “არსენალის” ღირსებას ცხრა წლის განმავლობაში, 1996-დან 2005 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც 406 მატჩი ჩაატარა.
“არსენალის” გარდა პატრიკ ვიეირას მიმართ ინტერესი “ნიუ იორკ სიტიმაც” გამოხატა.