არტემიევი: “საქართველოსთან თანაბრად ბრძოლისთვის მზად ვართ”
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა, ვასილი არტემიევმა საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა და თქვა, რომ მისი გუნდი “ბორჯღალოსნებთან” თანაბრად ბრძოლისათვის მზადაა.
როგორც იცით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გასული გათამაშების გადადებულ მატჩში საქართველოს ნაკრები 7 თებერვალს რუსეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 16:7 დაამარცხა.
“საქართველოსთან მატჩს ისე შევხვდით, რომ პანდემიის გამო, ერთი წლის განმავლობაში ერთად არც კი გვქონდა ნათამაშები. ქართველებმა ნოემბერ-დეკემბერში ტოპ გუნდების წინააღმდეგ გამართეს შეხვედრები. თუმცა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ. თბილისში ექვსი დებიუტანტი გვყავდა, ორი 19 წლის მორაგბე, საშა ბელოსლუდცევი ზუსტად იმ დღეს გახდა 20 წლის. ორივე გუნდი მოედანზე განახლებული შემადგენლობით გამოვიდა. თუმცა, შედეგიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ საქართველოს დონეზე ვართ, მზად ვართ ვიბრძოლოთ
როცა მეტოქის 22-მეტრიან ზონაშიო ვიყავით, ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა, ფსიქოლოგიურად, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ, მზად ვართ თანაბარი ბრძოლისათვის. ბიჭებმა და მწვრთნელებმა დიდი სამუშაო გასწიეს, რაც მოედანზე გამოჩნდა”, – ციტირებს ვასილი არტემიევის სიტყვებს rugger.info.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ეგიდით რუსეთის ნაკრები საქართველოს 20 მარტს კალინინგრადში უმასპინძლებს.