არველაძის „ქასიმფაშამ“ მანჩინის „გალათასარაი“ გაანადგურა
თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ რობერტო მანჩინის „გალათასარაის“ ესტუმრა და მრისხანე მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
მასპინძლები მე-7 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ. მოედნიდან „გალათასარაის“ მცველი ჰაქან ბალთა გააძევეს, რომელმაც საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია. პენალტი „ქასიმფაშას“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ეზეკიელ სკარიონემ გაიტანა. პირველი ტაიმი სტუმრების მინიმალური უპირატესობით დასრულდა, თუმცა შოთა არველაძის გუნდმა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეს წირვა გამოუყვანა. 51-ე წუთზე „გალათასარაის“ მცველების უხეირო თამაშით სტუმრების ურუგვაელმა თავდამსხმელმა ტაბარე ვიუდესმა ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. შემდეგ სკარიონემ გაახერხა დუბლი. მასპინძელთა ტანჯვას წერტილი იალჯინ აიჰანმა დაუსვა, რომელმაც კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთს თავი შეაგება და ფერნანდო მუსლერას კარის ბადე მეოთხედ შეარხია.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილ 4 ტურში მისი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს და 12 ქულას მოიპოვებს.
ამ გამარჯვების შემდეგ არველაძის „ქასიმფაშამ“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა გუნდს ევროთასებზე მოხვედრის კარგი შანსიც გაუჩნდა.
ბექა დოგრაშვილი