აშრაფ ჰაკიმი “ინტერში” გადავიდა
მადრიდის “რეალის” მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონი განათხოვრების წესით დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, მილანის “ინტერის” რიგებში ჩაირიცხა.
მხარეებს შორის ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. არაოფიციალური ინფორმაციით, მაროკოელი ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში ხუთ მილიონ ევროს მიიღებს. მილანელებმა აშრაფის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღეს. დამატებით კიდევ ხუთ მილიონ “რეალი” ბონუსის სახით მიიღებს.
აშრაფ ჰაკიმი მადრიდის “რეალის” აღზრდილი გახლავთ, თუმცა პირველ გუნდში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 17 მატჩი აქვს ჩატარებული (გაიტანა ორი გოლი). ის ძირითადად მარჯვენა ფლანგის მცველად თამაშობს, თუმცა მარცხენაფლანგელი მცველისა და გარემარბის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია.
აშრაფ ჰაკიმიმ “დორტმუნდის” რიგებში ჯამში 45 შეხვედრა ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
აშრაფ ჰაკიმი 17 წლის ასაკიდან მაროკოს ეროვნული გუნდის წევრია და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა.