ასლან ბალაძე: “კიკაჩეიშვილმა ბოდიში მოიხადა, ის ვიღაცისგან იყო დაინტერესებული”

ბათუმის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა, ასლან ბალაძემ დღეს კლუბის მფლობელ არჩილ ბერიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და გუშინ, საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩში მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა.
ასლან ბალაძე მიიჩნევს, რომ მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა ბათუმის “დინამოს” საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებები განზრახ მიიღო.
“მე ამ ადამიანს ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ. ვიცნობ მის ოჯახს და მამამისს, რომელიც მსაჯი იყო. ჩემ სპორტულ კარიერაში პირველად შევედი მსაჯთან ოთახში. პირველი ტაიმის შემდეგ შევედი და საყვედური ვუთხარი, რომ იქ პენალტი იყო დასანიშნი. მეორე ტაიმში რა მოხდა, თავადაც ნახეთ.
მე ეჭვი მეპარება, დაინტერესება არ ყოფილიყო ვიღაცის მხრიდან. კიკაჩეიშვილი ისეთ რაღაცებზე ხუჭავდა თვალს, ან ჩვენთან, კლუბთან რაღაც გართულება ჰქონდა ან რაიმე ინტერესი იყო. შეიძლება, მომენტი ვერ დაინახო და შეცდომა დაუშვა, მაგრამ როცა ეპიზოდს კარგად ხედავ და ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ყველას ეჭვი გვებადება. მე გუშინ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, თუ რა ხდებოდა. ჩვენ იქ (საჩხერეში – ავტ.) გვიანობამდე დავრჩით გულშემატკივრებთან. კიკაჩეიშვილმა გულშემატკივრების მისამართით გამოხატა აგრესია, ეს მისი დამატებითი გაუმართლებელი ქცევაა.
მოგვიანებით, მან დამირეკა და ძალიან დიდი ბოდიში მომიხადა – “პირველი შემთხვევაა, როცა მე ბოდიშს ვიხდიო. ჩემი მამისთვის არ მომიხდია ბოდიშიო. მე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვიო. მინდა, მაპატიოს ბათუმმაო.”
პირდაპირ გეუბნებით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის დაინტერესებული იყო. ვისგან იყო დაინტერესებული, ვერ გეტყვით, ხელს ვერავის დავადებ. ჩხოროწყუდან ხომ არ იქნებოდა დაინტერესებული?” – აცხადებს ასლან ბალაძე.
1 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში საჩხერის “ჩიხურამ” საკუთარ მოედანზე ჩემპიონობისათვის მებრძოლი ბათუმის “დინამო” მიიღო და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
ბათუმელებმა, რომლებსაც კიდევ სამი შეხვედრა დარჩათ გასამართი, უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს. ისინი თბილისის “დინამოს” ერთი ქულით უსწრებენ, თბილისელები კი თავიანთ მატჩს კვირას “ტორპედოს” წინააღმდეგ ჩაატარებენ.
“ჩიხურასა” და ბათუმის “დინამოს” შორის გამართულ მატჩში იყო ორი ეპიზოდი, როცა მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა ბათუმელთა სასარგებლოდ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რამაც სტუმარი გუნდის ფეხბურთელები და ქომაგები აღაშფოთა.