აჭარის ნაკრები ბარსელონიდან ოქროს მედლებით დაბრუნდა

აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები ბარსელონადან ოქროს მედლებით ბრუნდება. ქართველმა სპორტსმენებმა ესპანეთში ყველა თამაში მოიგეს და “Trofeo Malgratense 2014”-ის გამარჯვებულები გახდნენ.
Fanebi.com აჭარის ნაკრების მწვრთნელს, ჯაბა ჭანტურიას დაუკავშირდა და ტურნირის შეფასებასთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
ჯაბა ჭანტურია: “ივლისში 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის აჭარის ჩემპიონატი ჩავატარეთ და შემდეგ ნაკრებიც შევარჩიეთ. ესპანეთში ჩემი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოვხვდით. ტურნირზე, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, გამგზავრება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა სრულად დააფინანსა. ტურნირი 5 ასაკში ტარდება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის 500 ფეხბურთელი იღებს. ჩვენს ასაკში სამი ესპანური გუნდი გვიწევდა მეტოქეობას. ყველა შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად (2:0, 9:0 და 8:0) მოვიგეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ასეთი შედეგი არა მეტოქის სუსტი თამაშის გამო დაფიქსირდა, არამედ ჩვენი ბიჭების მაღალმა დონემ განაპირობა. გოლების 70 პროცენტი დამუშავებული კომბინაციებით, ჯარიმებიდან და კუთხურებიდან გავიდა, რაც ძალიან მახარებს. მომავალ წელს ესპანეთში ორი ასაკის გამოყვანა გვსურს. ასევე, იტალიაში გასამართ საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე მივიღით მოწვევა. ძალიან გვინდა, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის საერთაშორისო ტურნირი ბათუმშიც ჩავატაროთ. ორგანიზების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ.”