ათკაციანი „ნაპოლი“ „სამპდორიასთან“ მარცხს გადაურჩა (ვიდეო)
იტალიის სერია ა-ს მეცამეტე ტურის ბოლო მატჩი გენუაში გაიმართა, სადაც „სამპდორიამ“ „ნაპოლი“ მიიღო.
ამ შეხვედრას, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა. ამ ტურამდე მასპინძლებს 21 ქულა ჰქონდათ, ხოლო სტუმრები მათ მხოლოდ ქულით უსწრებდნენ. მატჩის პირველი ანხევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმის მე-17 წუთზე გენუელებმა ანგარიშის გახსნა მოახერხა – გოლი მატიას სილვესტრეს პასით ედერმა გაიტანა. „ნაპოლის“ მდგომარეობა 86-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც კულიბალიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, ბენიტესის გუნდი მარცხს მაინც გადაურჩა, მსაჯის მიერ დამატებული დროის მეორე წუთზე საჯარიმოში გულამის ჩაწოდებულს დიუვან საპატა გამოეხმაურა და თავური დარტყმით გოლი გაიტანა.
საბოლოოდ, 1:1 და 23 ქულით „ნაპოლი„ „ჯენოას“ გაუთანაბრდა, თუმცა გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობის წყალობით მესამე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „სამპდორიას“, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი 22 ქულით მეხუთე ადგილზეა.