ათლეტებს შორის ყველაზე მეტი ანტიკური რომის მრბოლერს აქვს გამომუშავებული
აპრილის დასაწყისში ჟურნალ Forbes-მა Formula Money-სთან თანამშრომლობის საფუძველზე “ფორმულა-1”-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტების სია გამოაქვეყნა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს უკვე 489 მილიონი დოლარი აქვს ამ სპორტში გამომუშავებული და ამით შუმახერსაც კი გადაუსწრო, რომელსაც 464 მილიონი აქვს გამომუშავებული, ისევე როგორც ფერნანდო ალონსოს (458 მლნ.). Mercedes-თან მიღწეული შეთანხმების ხარჯზე, რომლის თანახმადაც ინგლისელი წელიწადში 35-50 მილიონს გამოიმუშავებს, ჰამილტონს ბოლო ორი საუკუნის მანძილზე პილოტებს შორის ყველაზე მეტი თანხა აქვს გამომუშვებული.
თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არამარტო პილოტებს, არამედ ზოგადად სპორტსმენებს შორის, კარიერის მანძილზე ყველაზე მეტი თანხა ანტიკური რომის მრბოლერ გაიუს აპულეიუს დიოკლესს აქვს გამომუშავებული. 24 წლიანი კარიერის განმავლობაში დიოკლესმა საერთო ჯამში 35 863 120 სესტერცია მიიღო, რაც დაახლოებით 10-29 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის დღევანდელი მაჩვენებლებით.
მართალია, დიოკლესი ზედმეტ გადასახადებს არ იხდიდა რომაული ეტლის მართვისთვის და სრულად იღებდა მოგებულ თანხას, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თავისი საქმიანობით ეს უკანასკნელი წარმოუდგენელი ოდენობის თანხას გამოიმუშავებდა.
გაიუს აპულეიუს დიოკლესი რომის საუკეთესო ეტლით მრბოლერი გახლდათ. კარიერის მანძილზე მან 4 257 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მათგან 1 462-ში გაიმარჯვა. პროცენტული მაჩვენებლებით ის “ფორმულა-1”-ის ყველა მრბოლერს სჯობნის ხუან-მანუელ ფანგიოსა და ალბერტო ასკარის გარდა. გარდა ამისა, დიოკლესმა 861 შემთხვევაში მიიღო მეორე ადგილზე გასულისთვის განკუთვნილი თანხა, ხოლო 576-ჯერ მესამე ადგილოსნისთვის.