“ატლეტიკოს” ფანები ტორესის დატოვებას ითხოვენ
მადრიდული კლუბის გულშემატკივრები თავიანთ ფეხბურთელს მხარს უჭერენ.
“ატლეტიკოს” ქომაგებმა სოციალურ ქსელში ფერნანდო ტორესის მხარდასაჭერი კამპანია წამოიწყეს. #TorresRojiblanco – ამ “ჰეშთეგით” ისინი კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
მოგეხსენებათ, ამჟამად ტორესი “ატლეტიკოს” ღირსებას იჯარის წესით იცავს, მისი კონტრაქტის ნაწილი კი “მილანს” ეკუთვნის.
აგრეთვე, მადრიდელი გულშემატკივრები ფიფას მიერ დაწესებულ სანქციასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც გუნდს მომდევნო ზაფხულსა და ზამთარში ტრანსფერების გაკეთება ეკრძალება. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ “ატლეტიკოს” ტორესის შენარჩუნება სურს, მაშინ ამ იანვარშივე უნდა გამოისყიდონ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ზაფხულში ფერნანდო “როსონერიში” დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ტორესმა 16 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი მხოლოდ ორჯერ აიღო.