ATP რეიტინგი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისტორიაში საუკეთესოა, ჯოკოვიჩი ფედერერს ემუქრება
საქართველოს ნ1 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში 6 ადგილით წინ წაიწია და 31-ე ადგილზე გადავიდა. ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მე-4 წრეში გააღწია და მსოფლიოს პირველ ნომერთან, რაფა ნადალთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. მსგავსი შედეგი ნიკოლოზმა დიდ სლემზე პირველად დააფიქსირა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბასილაშვილი უკვე საკუთარ და ქვეყნის ეპოქას წერს.
ATP-ს რეიტინგში ბასილაშვილს 1322 ქულა აქვს და უსწრებს ისეთ ჩოგბურთელებს, როგორებიც, გაელ მონფილსი, ფილიპ კოლშრაიბერი, ჟილ სიმონი, სტან ვავრინკა და სხვა გამორჩეული მოთამაშეები არიან.
ქართველის შემდეგი გაჩერება 17 სექტემბერს მეცში, მოსელის 250-იანი ტურნირი იქნება.
რეიტინგის სათავეში კვლავ რაფა ნადალია, მეორეზე შვეიცარიელი მაესტრო როჯერ ფედერერია, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე მხოლოდ 400 ქულით ჩამორჩება.