ბაჩანა არაბული – დინამო ერთი დიდი ოჯახია
თბილისის “დინამო” პირველი ქართული გუნდია, რომელიც ახალი სეზონისთვის მზადება საზღვარგარეთ დაიწყო. გუნდის შემადგენლობაში მრავალი ახალწვეულია და მათ შორის ერთ-ერთი ბაჩანა არაბულია, რომელმაც თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებვერდს კომენტარი მისცა.
“გუნდში მოსვლის შემოთავაზება გია გეგუჩაძისგან მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი. ესეთ სახელოვან და ტიტულოვან გუნდში თამაში საკმაოდ პრესტიჟულია. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, შესაბამისად ჩემთვის სასიხარულოა დინამოში ყოფნა.
2-3 ივლისს პირველი მატჩი გვექნება ევროთასებზე და შეკრებაზე დატვირთვის ქვეშ გვიწევს მომზადება. საჭიროა მაქსიმალურად მზადყოფნა, რადგან ფაქტობრივად ევროთასის პირველი თამაშიდან ერთ თვეში ჩემპიონატიც დაიწყება. გუნდში ახალი მწვრთნელია, ახალი ტაქტიკური მონახაზები იხვეწება და საჭიროა ყოველი დღის და ვარჯიშის მაქსიმალურად ათვისება. გუნდში ყველაფერი იდეალურადაა. დინამო ერთი დიდი ოჯახია და ამ კლუბს სხვანაირად არც შეეფერება” – განაცხადა არაბულმა.