ბაჩანა ცხადაძემ პროფესიონალური კარიერა დაასრულა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ბაჩანა ცხადაძემ 31 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. მან ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
“დღეს, 31 წლის ასაკში, პროფესიონალურ კარიერას ვასრულებ. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. ძალიან ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ დავბრუნებულიყავი, მაგრამ იმ დონეზე ვეღარ ვთამაშობდი, როგორც ძველად… ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ფიზიკურად და მენტალურად მიკრო ტრავმებს ვებრძოდი.
2006 წლიდან 2019 წლამდე: 13 სხვადასხვა კლუბი, 8 მატჩი ეროვნულ ნაკრებში. 10 მედალი, 4 ტიტული. ბაქოს “ინტერის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – 235 მატჩი, 67 გოლი.
მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვიმუშავე. მადლობა ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, პრეზიდენტსა და გულშემატკივარს.
ვგრძნობ, მეტის მიღწევა შემეძლო. ახალი გამოწვევების დროა.”, – წერს ცხადაძე.
ბაჩანა ცხადაძეს სხვადასხვა დროს ბოლნისის “სიონში”, “ვიტ ჯორჯიაში”, “ამერში”, “გაგრაში”, ცხინვალის “სპარტაკში”, ბაქოს “ინტერში”, “სიმურქში” და “ფლამურტარიში” უთამაშია. 2016 წელს ის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა, რის შემდეგაც “ლოკომოტივში”, “სამტრედიაში”, “ჩიხურაში” და “რუსთავში” ითამაშა. გასულ ზაფხულს ის ფრანგულ “ბასტიაში” ჩაირიცხა.