ბადრი აქუბარდია: “რუსულ გუნდში თამაში? ამის წარმოდგენაც კი მიჭირს… “
კიევის “დინამო-2”-ის 22 წლის მცველმა, ბადრი აქუბარდიამ, უკრაინულ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა.
– ბადრი, მოგვიყევი უკრაინაში როგორ მოხვდი?
– 1992 წელს საქართველოში ომი დაიწყო. სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადმოვიდა. ჩერნიგოვის მახლობლად, ქალაქ ბახმაჩში ვცხოვრობდით, სადაც 6 წლის ასაკში ფეხბურთის თამაში დავიწყე. მერვე კლასში კიეველმა სელექციონერებმა შემამჩნიეს და დედაქალაქში წამიყვანეს. თავიდან ბროვარში ვიყავი, შემდეგ კი “დინამოში”.
– გახსოვს “დინამოში” როგორ მიგიწვიეს?
– ერთ-ერთი ტურნირის დროს მოვეწონე და სინჯები შემომთავაზეს. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც “დინამოს” აკადემიაში დამპატიჟეს.
– 16 წლის ასაკში მოქალაქეობის არჩევაზე ბევრი იფიქრე?
– არა, უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებას დიდხანს ველოდი და ამაზე ბევრი არც მიფიქრია.
– მიმდინარე სეზონში გასულ წელთან შედარებით ნაკლები თამაში გიწევთ…
– ტრავმები… თუმცა უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ყველაფერი კარგად იქნება.
– სხვა გუნდში იჯარაზე არ გიფიქრია?
– ვფიქრობ, თუმცა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევიდე. ტრავმების გამო ნორმალურად ერთი წელი არ მითამაშია. მაგალითად, ჩემპიონატში ორი თამაში ვითამაშე და კვლავ დავშავდი.
– ტრავმამდე გქონდა გარკვეული შემოთავაზებები?
– არა, არაფერი ყოფილა. უნდა ვითამაშო, ვიმუშავო და წინადებებიც იქნება.
– საქართველოდან ომის გამო წახვედით, ახლა კი უკრაინაში იგივე ხდება…
– სამწუხაროდ ასეა… იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება და მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო.
– ხელში იარაღის ასაღებად და ქვეყნის დასაცავად მზად ხარ?
– მზად ვარ! თუ საჭირო იქნება წავალ. რატომაც არა?
– იმ შემთხვევაში თუ შენით რუსული კლუბი დაინტერესდება, მიიღებ ასეთ წინადადებას?
– არა, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. ჩემი ოცნება კიევის “დინამოს” ძირითად გუნდში თამაში და ტიტულების მოგებაა.
– საქართველოს ხშირად სტუმრობ?
– შვებულება თბილისში გავატარე.
– ქართულ ფეხბურთს ადევნებ თვალყურს?
– ვადევნებ, თუმცა, უკრაინასთან შედარებით საქართველოში ფეხბურთი დაბალ დონეზეა. გამორჩეულები თბილისის “დინამო” და “ლოკომოტივი” არიან. საქართველოში უხეში ფეხბურთია. უკრაინაში ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, საქართველოში კი წვალობ. ჩემი ძმა იქ მწვრთნელად მუშაობს და მეუბნება, რომ პატარა ბავშვები ძალიან პერსპექტიულები არიან. თუმცა, თუ ადრეულ ასაკში ფული ჩაუვარდებათ ხელში მანქანებს ყიდულობენ და იკარგებიან.
– საქართველოში თამაში გსურს?
– მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო.
– ქართულ გუნდში იჯარაზე არ გიფიქრია?
– არა, უკრაინაში თამაში მირჩევნია.
– მანქანა გყავს?
– არა. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. საზოგადოებრივი ტრანსფორტით ვსარგებლობ.