„ბაიანო“ – უბადლო სნაიპერი მეორე სართულზე
„ბაიანო“ – ქუთაისში ძნელად მოიძებნება ისეთი ფეხბურთის მოყვარული, რომელსაც ეს სახელი(გნებავთ – გვარი) არ ჰქონდეს გაგონილი. სინამდვილეში მას არც ჟუნიორი ჰქვია და არც ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. როგორც იცით, ჩვენს ქალაქში დამკვიდრებული ეს თიკუნი „ტორპედოს“ ზეობის წლების ერთ-ერთ თანამონაწილეს დავით გამეზარდაშვილს შეარქვეს.
ერთ დროს, როცა იგი ოპტიმალურ ფორმაში იყო, „ტორპედოს“ „დაქოქვა“ „ბაიანოს“ გარეშე ისევე წარმოუდგენელი გახლდათ, როგორც ავტომანქანისა უძრავოდ. ის გულშემატკივრებში დიდი სიმპათიით სარგებლობდა. ამას, თავისი ახსნაც აქვს: შრომისმოყვარეობა, ლომივით უშიშრობა, უბადლო თამაში მაღალი ტრეაექტორიის ბურთებზე და თანაგუნდელებზე მკაცრი შეფუცხუნება. აი, ასეთი მუხტი მოდიოდა მისგან. სიმაღლეს(1.96 სმ) ძალიან კარგად იყენებდა და განსაკუთრებულ მოწონებას სწორედ მისი საჰაერო ორთაბრძოლები იმსახურებდა, რომელთა 95 პროცენტს მაინც იგებდა, ამიტომ „ტორპედოს“ ყოფილ კაპიტანს დღემდე საქართველოში ყველა დროის ერთ-ერთ(თუ ერთადერთ არა) საუკეთესო „მოიერიშედ“ აღიარებენ. ყველაფერს მოედანზე ამტკიცებდა. „ტორპედოს“ მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნულ თითქმის ყოველ სტანდარტულ მდგომარეობას გემახსოვრებათ რა შინაარსის სკანდირებაც მოჰყვებოდა – „ბაიანო გოლი! ბაიანო გოლი!..“.
ცენტრალურმა მცველმა თავით მოქმედების შემდეგ ბევრჯერ განაახლებინა მეტოქეს ცენტრიდან თამაში. თბილისის „დინამოს“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლები კი წარუშლელ ემოციას გვახსენებს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ მან სამ შეხვედრაში გამოიჩინა თავი და სამივეჯერ ბოლო წუთებზე მოუტანა ქუთათურებს სამი ქულა.
„ბაიანოს“, თავისი წესიერებით, მთელი საქართველოს საფეხბურთო ნაწილი ღირსეული კაცის სახელით იცნობს. საფეხბურთი კლუბებში გატარებული პერიოდის ხანგრძლივობით, მისი კარიერის მეორე კლუბი ლატვიური „სკონტოა“. მას ბალტიისპირელებშიც არანაკლები ავტორიტეტი აქვს.
ალბათ, გაინტერესებთ როგორი იყო იგი გუნდის „შიგნით“. მოკლედ მოგახსენებთ: სრულიად გულწრფელი კაცი! განსხვავებით ქართულ ფეხბურთში მომუშავე ბევრი სუბიექტისაგან. ე.წ. ლიტონ სიტყვებს არ ამბობდა და არც ნიშნის მოგებით ულაპარაკია არასდროს. მან ზუსტად იცის, რას ნიშნავს ტორპედოელობა და ქუთაისური გულშემატკივრობა… თამაშის დროს, ხელებით ბევრჯერ მოუწოდებია ტრიბუნებზე მსხდომი ქომაგებისთვის გააქტიურება. იგი გულშემტკივრებს სათანადოდ აფასებდა და მათთან ურთიერთობაშიც არაფერი ეშლებოდა.
ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის სიტყვებია – უბრალოება ადამიანის საუკეთესო თვისებააო. სწორედ ეს თვისება არის წინა პლანზე „ბაიანოში“. ქედმაღლობით თუ მედიდურობით სპორტსმენს(თუნდაც ნებისმიერ ადამიანს) როდის მიუღია რაიმე სარგებელი?! მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელობის ბოლო პერიოდში იგი ძველ „სიმაღლეებზე“ ვეღარ ადიოდა და ამან მცირე უსიამოვნებებიც წარმოშვა, მისი რეპუტაცია არასდროს შეიცვლება…
ზემოთა სტრიქონებზე თვალის გადავლების შემდეგ ერთი ლოგიკური შეკითხვა გაგიჩნდებათ – სად არის ახლა „ბაიანო“?
– უკვე წელიწადნახევარია, რაც 31 წლისამ ბუცები ლურსმნებზე ჩამოკიდა და ლატვიაში იმყოფება ოჯახთან ერთად. იქ მუშაობას აგრძელებს, ოღონდ პროფესია შეიცვალა და სხვა სამსახურიც მოძებნა…
ჩვენ, დიდი მადლიერებით ვაცილებთ მას ფეხბურთიდან!
ბოლოს კი, გთავაზობთ იმ თამაშის ვიდეორგოლს, რომელშიც „ბაიანომ“ ქუთაისელი გულშემატკივრების მოწოდებას ჩვეულ სტილში უპასუხა.
FCTorpedo.GE