“ბაიერნი” – “რეალი”: პრევიუ
“ალიანც არენა” ტიტანთა შერკინებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ევროპული გრანდები, რომელთა მუზეუმებშიც საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგის 16 ტიტული ინახება, მზად არიან ერთმანეთს სისხლისმღვრელ ბრძოლაში დაუპირისპირდნენ.
ერთმანეთს ორი დიდებული სპეციალისტი დაუპირისპირდება, რომლებმაც ერთად “რეალს” “ლა დესიმა” მოაგებინეს და ახლა კვლავ იბრძვიან ამ ტიტულისთვის.
გარდა ამისა, ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება არიენ რობენისთვისაც, რომელიც ერთ დროს “რეალშიც” თამაშობდა და რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ასე რომ, მადრიდელთა დასუსტებულ დაცვას ბევრი პრობლემა ექნება.
ვინ რა თქვა?
კარლო ანჩელოტი, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი:
“მიუნხენში გასამართ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. “რეალის” ფეხბურთელებს ძალიან კარგად ვიცნობ, რაც ერთდროულად პრივილეგიაცაა და სირთულეც. რა თქმა უნდა, მირჩევნია რონალდუ სათადარიგოზე იყოს, ბენზემა ტრიბუნაზე, ბეილი – სახლში.”
ფილიპ ლამი, მიუნხენის “ბაიერნის” მცველი:
“ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძალიან რთულია. “რეალის” კონტრ-იერიშებს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. მათ მეორე ნომრად თამაში ურჩევნიათ, რითიც უფრო მეტი სივრცის შექმნას აპირებენ.”
ზინედინ ზიდანი, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი:
“კარლოს ძალიან კარგად ვიცნობ, ისიც მიცნობს, მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ორი დიდი გუნდის დაპირისპირებაა და არა ჩემი და კარლო ანჩელოტის.
დღეს, “რეალი” უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ, როდესაც “ბაიერნის” დამარცხება შევძელით. მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივიდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ხვალ სრულიად განსხვავებული მატჩი გველის.”
ვინ განსჯის მატჩს?
მატჩს იტალიელ არბიტრთა გუნდი მოემსახურება, რომელთაც ნიკოლა რიცოლი უთავკაცებს. 46 წლის მსაჯმა 2016/17 წლების სეზონის ოთხ მატჩში იმსაჯა ჩემპიონთა ლიგაზე და რვაჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი.
რიცოლი, რომელსაც ერთ დროს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის განსჯაც ანდეს, მარტის თვის ბოლოს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს გარეტ ბეილის დანდობის გამო, რომელიც ირლანდიელთა წინააღმდეგ უხეშობისთვის ნამდვილად იმსახურებდა წითელ ბარათს.
ბუკმეკერები ამბობენ:
– “ბაიერნის” მოგება – 1,8.
– ფრე – 4,1.
– “რეალის” მოგება – 4,6.
ციფრები ამბობენ:
– ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს ყველაზე მეტჯერ, 19-ჯერ დაუპირისპირდნენ. “ბაიერნი” კი შინ, “რეალთან” მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
– მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ “რეალს” 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის მეათე ტიტული მოაგებინა.
– ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუს მშრალი სერია უკვე 613 წუთს ითვლის.
– მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 70 პროცენტია – სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი.
– ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ “რეალსა” და “იუვენტუსს” არ განუცდიათ მარცხი. პლეი-ოფის ბოლო ათი მატჩიდან, “რეალმა” მხოლოდ ერთი დათმო – “ვოლფსბურგთან”, ანგარიშით 2:0.
– საშინაო არენაზე “ბაიერნის” მოგებათა სერია (ჩემპიონთა ლიგაზე) 16 მატჩისგან შედგება – ტურნირის რეკორდი. ამ მატჩებში “ბაიერნმა” 58 გოლი გაიტანა და მხოლოდ 9 გაუშვა.
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები
“ბაიერნი”: “ბაიერნი”: მანუელ ნოიერი; ფილიპ ლამი, მარტინესი, ბოატენგი, დავიდ ალაბა; ვიდალი, ალონსო; არიენ რობენი, ალკანტარა, რიბერი; ლევანდოვსკი
“რეალი”: კეილორ ნავასი; დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო; მოდრიჩი; კროოსი, კაზემირო; გარეტ ბეილი, ბენზემა, რონალდუ;