“ბაიერნის” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ მსაჯთა ოთახში შეიჭრნენ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის (4:2) შემდეგ გერმანული გუნდის ფეხბურთელებმა მსაჯთა მიმართ ბრაზი ღიად გამოხატეს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, არტურო ვიდალი და ტიაგო ალკანტარა არბიტრებისთვის განკუთვნილ ოთახში შეიჭრნენ და მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოთამაშეთა დამშვიდება სამართალდამცველებმა შეძლეს. მიუნხენელები მარცხის მთავარ მიზეზად ვიქტორ კაშაისა და მისი თანაშემწეების მიერ დაშვებულ შეცდომებს თვლიან.
ეს ფაქტი მატჩისშემდგომ პატაკში არ მოხვდა. შესაბამისად, უეფა “ბაიერნის” წინააღმდეგ დისციპლინური საქმეს არ აღძრავს, თუმცა ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ბავარიული გუნდის დასჯას არ გამორიცხავს.