“ბაიერნმა” კოუტინიო არ შეინარჩუნა
მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კლუბმა “ბარსელონასგან” ფილიპე კოუტინიოს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენა.
“კოუტინიო კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებას ვადა გაუვიდა, ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ. ახლა მომდევნო სეზონის შემადგენლობაზე უნდა ვიფიქროთ და არსებული განაცხადის შენარჩუნების შესაძლებლობები განვიხილოთ”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბაიერნში” განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ირიცხება. ბავარიელებს კოუტინიოს შრომითი ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლება ჰქონდა და ამისთვის 120 მილიონი ევროს უნდა გადაეხადათ, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნებოდა.
ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ახლა ტრავმა აწუხებს და დიდი შანსია, რომ “ბაიერნის” შემადგენლობაში თამაში აღარ მოუწიოს.