ბაკაიოკომ გატუზოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა
“მილანის” ნახევარმცველმა, ტიმეუე ბაკაიოკომ “ბოლონიასთან” მატჩის მიმდინარეობისას ჯენარო გატუზოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც იცით, 6 მაისს “მილანმა” “სან სიროზე” “ბოლონია” 2:1 დაამარცხა. პირველ ნახევარში “როსონერის” საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ბილია დაიმტვრა, გატუზოს მის ნაცვლად თამაშში ბაკაიოკოს ჩართვა სურდა, თუმცა ფრანგმა ეს იუარა და რინოს შეაგინა, რაც კამერებმა დააფიქსირეს. “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ის ბაკაიოკოს თავის ენაზე, პირისპირ გაესაუბრება.
ბაკაიოკოს განცხადება:
“მას შემდეგ, რაც პრესასთან ვისაუბრე, რამდენიმე კვირა გავიდა, ამის შემდეგ კი გადავწყვიტე არაფერი მეთქვა და მუშაობა გამეგრძელებინა. დღეს ისეთ ფეხბურთელად წარმომაჩინეს, რომელიც თითქოს მოედანზე შესვლაზე უარს ამბობს და რომელიც კლუბსა და თანაგუნდელებს პატივს არ სცემს.
სკამიდანაც კი, 200 პროცენტით მზად ვიყავი იმისათვის, რათა თუნდაც 5 წუთით ჩემ გუნდს დავხმარებოდი. როცა ლუკას ბილია მინდორზე წაიქცა, მთხოვეს, რომ გავხურებულიყავი. მაშინვე გახურება დავიწყე და ეს 2-3 წუთი გრძელდებოდა.
ამის შემდეგ მითხრეს, რომ ისევ სათადარიგოთა სკამზე უნდა დავბრუნებულიყავი. ეს ყველაფერი, დაახლოებით, 23-ე წუთიდან 26-ე წუთის ინტერვალში ხდებოდა. როცა სკამზე დავჯექი, მწვრთნელმა ჩემი მისამართით მიუღებელი სიტყვები თქვა, მე კი მხოლოდ მისი სიტყვები გავიმეორე. მეტი არაფერი.
მინდა, განვმარტო: შეცვლაზე შესვლაზე უარი არასოდეს მითქვამს და არც გახურება დამზარებია. არის კადრები, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს. მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, მოედანზე შევიდე და თანაგუნდელებს ისე დავეხმარო, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი, სწორედ ასე მოვიქცევი სეზონის ბოლომდე. Forza Milan!” – ვკითხულობთ ბაკაიოკოს განცხადებაში.