ბაქოში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება
უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ:
“მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული – ბაქოს “ნეფჩთი”-სა და საჩხერის “ჩიხურა”-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.
“ქართული სპორტის ქომაგებმა” გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.
მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება”.