ბალოტელიმ საკუთარ თავს 10-დან 7 ქულა დაუწერა
“ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მიმდინარე სეზონში 10-ბალიანი სისტემით საკუთარ თავს 7 ქულაზე აფასებს.
“საკუთარ თავს 7 ქულას დავუწერ, რადგან უფრო მეტს დავრბივარ, ვიდრე ადრე დავრბოდი. გოლებიც მოვა. მართალია, ახლა ვერ ვიტან, მაგრამ გოლები არსად არ წასულა. მოედანზე დავრბივარ, რასაც აქამდე არ ვაკეთებდი ხოლმე. ვცდილობ, რომ პრესინგსაც მივმართო. ლუის სუარესის მსგავსად ეს არ გამომდის, რადგან ის ბევრს დარბოდა, მაგრამ მეც ვცდილობ, რომ ვირბინო.
გოლების ვერგატანას უიღბლობას ვაბრალებ. არა მგონია, რამეს არასწორად ვაკეთებდე. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, ვთამაშობ, დავრბივარ, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ გოლები არ მოდის და მეც ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ უიღბლობაა. გოლებს გავიტან.
რაც შეეხება ბრანდან როჯერს, მე მომწონს ის, როგორც მწვრთნელი.
იმედი მაქვს, აქ დავრჩები და საუკეთესო თვისებებსაც წარმოვაჩენ. როდესაც “ლივერპულის” ჰიმნს პირველად მოვუსმინე, საოცარი გრძნობა დამეუფლა”, – აღნიშნა ბალოტელიმ “ფოქს სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისათვის, მარიო ბალოტელიმ ორი წლის წინათ “მანჩესტერ სიტიში” ასპარეზობის დროს საკუთარ თავს 6,5 ქულა დაუწერა. როგორც ჩანს, იტალიელი თავდამსხმელი თვლის, რომ ახლა უფრო პროდუქტიულად მუშაობს.
ბალოტელიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ცხრა მატჩი ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია.