ბალოტელის პერსპექტივები: სათადარიგოთა სკამი ან წასვლა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა თავისი გუნდის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გააფრთხილა, რომ მას, დიდი ალბათობით, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს, რადგან მისი თამაში მას არ აკმაყოფილებს და იგი მის სათამაშო სქემაში არ ჯდება.
ცოტა ხნის წინ მერსესაიდელები 3-4-2-1 სქემაზე გადავიდნენ, რომლის შედეგადაც, თავდამსხმელის პოციციაზე რაჰიმ სტერლინგი აღმოჩნდა. ბალოტელის სათადარიგოთა სკამზე დარჩენის ალბათობას იანვრის შუა რიცხვებში მოედანზე დანიელ სტარიჯის დაბრუნებაც ზრდის.
„The Guardian“-ის ინფორმაციით, აღნიშნული სიტუაციის გამო ბალოტელი წასვლაზეც კი ფიქრობს. სუპერმარიოს შეძენის მსურველთა შორის გენუის „სამპდორია“ სახელდება. ამ შესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში, გენუელები „წითლებს“ მეკარე სერხიო რომეროს შესთავაზებენ, რომლის ხილვის სურვილი „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას სიმონ მინოლეს არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშის გამო უკვე საკმარისი ხნის განმავლობაში აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელის დამატების სხვა კანდიდატთა შორის აქამდე ასევე „ინტერი“ და „ნაპოლიც“ სახელდებოდნენ.