“ბარსელონა” ნეიმარს კოპა ამერიკაზე არ უშვებს
“ბარსელონა” წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ კოპა ამერიკის ტურნირზე კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარის გაშვებას არ აპირებს.
Dream Team-ის ცნობით, კატალონიურ გუნდში შიშობენ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ფიზიკურად გადაიღლება. სამაგიეროდ, “ბარსელონა” ნეიმარს ნებას რთავს, რომ აგვისტოში გასამართ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა მიიღოს. როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე მონაწილე საფეხბურთო გუნდებს განაცხადში 23 წელზე უფროსი ასაკის სამი მოთამაშის შეყვანის უფლება აქვთ.
“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ფიქრობს, რომ ზაფხულში გასამართ ორივე ტურნირზე ნეიმარის თამაში შეუძლებელია.
კოპა ამერიკა 3 ივნისიდან 26 ივნისამდე პერიოდში გაიმართება. ბრაზილია B ჯგუფში ეკვადორის, ჰაიტისა და პერუს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.