“ბარსელონამ” “ატლეტიკო” დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა (ვიდეო)
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში “ბარსელონამ” უშუალო კონკურენტი მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-10 წუთზე სტუმრები კოკემ დააწინაურა. ნახევარი საათის თავზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 38-ე წუთზე ლუის სუარესმა კატალონიელები სულაც წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ვინაიდან მთავარმა არბიტრმა ფილიპე ლუისს მესის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
65-ე წუთზე მოედნიდან “ატლეტიკოს” მეორე ფეხბურთელი დიეგო გოდინი გააძევეს.
ამრიგად, “ბარსელონა” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს 51 ქულით სათავეში ჩაუდგა. გარდა ამისა, კატალონიელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “ატლეტიკო” 48 ქულით მეორე პოზიციაზეა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XXII ტური
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 2:1 (2:1)
გოლები: მესი 30′, სუარესი 38′ — კოკე 10′.
გაფრთხილებები: გოდინი 24′, გაბი 25′, ხუანფრანი 41′, პარტეი 90+2′.
გაძევებები: ფილიპე ლუისი 44′, გოდინი 65′.