“ბარსელონა” ფინალშია – “რეალი” “კლასიკოში” განადგურდა (ვიდეო)
28 თებერვალს კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის. “კამპ ნოუზე” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ შანსები თანაბრად ფასდებოდა და დღევანდელი თამაშიც ძალიან დაძაბული გამოდგა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “ბარსელონელებიც” არ ამბობდნენ უარს მეტოქის მოედანზე დიდი ძალებით გადასვლაზე. განსაკუთრებით აქტიურობდა მადრიდელთა ახალგაზრდა ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი, რომელსაც რამდენიმე მომენტში ანგარიშის გახსნაც შეეძლო, თუმცა არ გამოუვიდა.
სრულად განსხვავებული ხასიათის გამოდგა “ელ კლასიკოს” მეორე ტაიმი – მართალია ტაიმი “რეალის” აქტიურობით დაიწყო, თუმცა მეხუთე წუთზე უსმან დემბელეს გადაცემას ლუის სუარესი გამოეხმაურა და ანგარიშიც გახსნა. 69-ე წუთზე რაფაელ ვარანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ოთხი წუთის შემდეგ კი კაზემიროს უხეშობით დანიშნული პენალტი გოლად ლუის სუარესმა გარდასახა.
ასე რომ, “ბარსელონამ” რეკორდი დაამყარა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა კოპა დელ რეის ფინალში, მადრიდელები კი ჯერ მომდევნო “კლასიკოზე”, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გააგრძელებენ ფიქრს.