“ბარსელონამ” “ბორუსიას” ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი გადაურიცხა
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ხაზინა კიდევ 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხით შეავსეს. ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Kicker ადასტურებს.
როგორც იცით, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2017 წელს გადაბარგდა 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ. თუმცა “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები დათანხმდნენ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც “ბორუსისასთვის” ბონუსების სახით კიდევ 43 მილიონის გადახდა მოუწევდათ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ბონუსები უსმან დემბელეს მიერ “ბარსელონაში” ჩატარებული თამაშების ოდენობაზეც არის დამოკიდებული. კატალონიელებმა დორტმუნდელებს დემბელეს 25-ე, 50-ე, 75-ე და მე-100 ჩატარებული მატჩის შემდეგ 5-5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.
დემბელეს “ბარსელონას” მაისური 83 ოფიციალურ მატჩში აქვს მორგებული. ასე რომ, დროის ამ მომენტისთვის “ლურჯ-ბროწეულისფრებს” დემბელეს ტრანსფერზე უკვე 130 მილიონი აქვთ დახარჯული.