“ბარსელონამ” “ჩელსი” უშანსოდ დატოვა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და ლონდონის “ჩელსის” შორის “ნოუ კამპზე” განმეორებითი მატჩი გაიმართა. შეხვედრის პირველი ნახევარი კატალონიელთა სცენარით წარიმართა და მასპინძლები მე-3 წუთზევე დაწინაურდნენ: ლიონელ მესიმ ტიბო კურტუას ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და ანგარიში გაიხსნა. მე-20 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიშში სხვაობა გაზარდა, რის შემდეგაც “ჩელსი” გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ლონდონელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში მარკოს ალონსო მეტოქის საჯარიმო მოედანზე წააქციეს კიდეც, თუმცა არბიტრმა თამაშის წესის დარღვევა ვერ შენიშნა. საწყისი წუთების შემდეგ კატალონიელებმა თამაში დაალაგეს და 63-ე წუთზე “ჩელსის” ბოლო იმედიც მოუსპეს: მესიმ კურტუას ამჯერადაც ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
“ბარსელონა” მეოთხედფინალურ ეტაპზე მეტოქის ვინაობას 16 მარტს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (განმეორებითი მატჩი)
“ბარსელონა” — “ჩელსი” 3:0 (ორი მატჩის ჯამში 4:1)
გოლები: მესი 3′, 63′, დემბელე 20′.